GITA 5000 IT სპეციალისტის გადამზადების პროექტის მეხუთე და ბოლო ნაკადის მიღებას 1 ოქტობრიდან იწყებს
9.15.2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), 5000 IT სპეციალისტის გადამზადების მასშტაბური პროექტის ფინალურ, მე-5 ეტაპზე განაცხადების მიღებას 1 ოქტომბრიდან იწყებს.  აღნიშნული ნაკადის ფარგლებში კიდევ 1000 მონაწილე შეძლებს,  სრულიად უფასოდ დაეუფლოს ციფრული სექტორის ყველაზე პოპულარულ და პერსპექტიულ მიმართულებებს.

პროგრამების მიზანია მონაწილეებს მისცეს შესაბამისი სფეროს ფუნდამენტური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენების საწყისი უნარები, რათა გაეცნონ არჩეულ მიმართულებას, შეაფასონ საკუთარი ინტერესი და პოტენციალი, შექმნან პირველი პრაქტიკული პროექტები და მიიღონ საფუძველი დამოუკიდებლად სწავლის გაგრძელების ან უფრო სიღრმისეულ პროფესიულ პროგრამაში ჩართვისთვის.

სასწავლო მიმართულებები და კურსები

მეხუთე ნაკადის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ცოდნა გაიღრმავონ ოთხი ძირითადი მიმართულებით, ესენია:

  •       პროგრამირება;
  •        ხელოვნური ინტელექტი;
  •        დიზაინი;
  •        მართვა/მხარდაჭერა.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გადაამზადებს 15-მდე წამყვანი ტრენინგ-პროვაიდერი, რომლებიც ჯამში 60-ზე მეტ სხვადასხვა კურსს შეთავაზებენ აპლიკანტებს.

რეგისტრაცია და შერჩევის ეტაპები

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს 16 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს. რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყება 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 22 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე — edu.doit.gov.ge.

რეგისტრაციისას თითოეულ აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს მაქსიმუმ 5 კურსი. არჩეული კურსებისა და გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მომხმარებლებს პორტალზე არსებულ პირად კაბინეტში 1 ოქტომბრიდან შეეძლებათ.

სასწავლო კურსებზე ჩარიცხვა მოხდება ორეტაპიანი შერჩევის საფუძველზე. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული პირები გაივლიან მისაღებ გამოცდას — ონლაინ ტესტირებას, ხოლო ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში გადავლენ მეორე ეტაპზე, სადაც გაივლიან გასაუბრებას. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კი კანდიდატები ოფიციალურად ჩაირიცხებიან არჩეულ კურსზე.

ყველას ნახვა