„5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე“ მორიგი ნაკადის მიღება დასრულდა
5.1.2026

 

„5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე“ მორიგი ნაკადის მიღება დასრულდა - 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

 

საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე საგრძნობლად მატულობს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) „5000 დამწყები IT სპეციალისტის პროგრამისმორიგი ეტაპი შეაჯამა. მიღებული შედეგები  სექტორში არსებულ მზარდ დინამიკასა და პროგრესზე მეტყველებს.

წლევანდელი მიღება განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა. თუ წინა ნაკადზე მიღებული  აპლიკაციების რაოდენობა 19 526-ს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 31 739-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამაზე 11 477 უნიკალური აპლიკანტი დარეგისტრირდა. თითოეულ მათგანს კი, მაქსიმუმ 5 სასურველი კურსის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა.

 

რეგისტრირებული აპლიკაციების სტატისტიკა და გამსვლელი ქულები

გაზრდილი მოთხოვნის გამო, გამსვლელი ბარიერი წელს საკმაოდ მაღალი იყო. მინიმალური ქულები, რომელთა საფუძველზეც აპლიკანტებმა დაფინანსება მოიპოვეს, მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მართვა/მხარდაჭერა: 60 ქულა
  • ხელოვნური ინტელექტი (AI): 59 ქულა
  • დიზაინი: 58 ქულა
  • პროგრამირება: 57 ქულა

ჯამური 31,739 რეგისტრირებული აპლიკაციიდან, მიმართულებების მიხედვით მონაცემები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

·       პროგრამირება: 9,086 აპლიკაცია

·       დიზაინი: 8,446 აპლიკაცია

·       მართვა/მხარდაჭერა: 7,630 აპლიკაცია

·       ხელოვნური ინტელექტი (AI): 6,577 აპლიკაცია

 

მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი დაინტერესება აპლიკანტების მხრიდან პროგრამირების მიმართულებაზე დაფიქსირდა, რაც ამ სფეროს პრიორიტეტულობასა და მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებოდა იმ აპლიკანტს, რომელმაც უფრო სწრაფად შეძლო გამოცდის დასრულება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროგრამის მეოთხე ნაკადის ფარგლებში, 13 საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ჩართული. ჯამში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოდგენილი 72 კურსიდან მათთვის სასურველი კურსები შეერჩიათ.

1 000 სტუდენტი კურსებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პროგრამირება - 500 სტუდენტი
  • დიზაინი - 250 სტუდენტი
  • მართვა/მხარდაჭერა - 150 სტუდენტი
  • ხელოვნური ინტელექტი (AI) - 100 სტუდენტი  

აღნიშნულ ნაკადზე, მთავარი სიახლე AI კურსების დამატება იყო, კერძოდ - AI Engineering & Data და Creative AI & Prompting. სტუდენტები შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

რაც შეეხება შარშანდელ ნაკადს, კურსების უმეტესობა წარმატებით დასრულდა და მონაწილეთა დიდი ნაწილი უკვე აქტიურად იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში, რაც პროგრამის ეფექტიანობასა და რეალურ შედეგებზე მიანიშნებს.

 

რატომ არის ეს პროგრამა მნიშვნელოვანი?

პროგრამა ინიციატივა „Do IT in Georgia“- შემადგენელი ნაწილია. მისი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება, მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია და შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზეedu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერული გზის დაგეგმვას.

ყველას ნახვა